პროფესიული გადამზადების პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, შეძლონ ვაშლის, მსხლის, ალუბლისა და ყურძნის მოსავლის სიმწიფის განსაზღვრა, აღნიშნული სახეობების ცივად შენახვის რეჟიმების დაცვა, მათი ხარისხის შეფასება, ვაშლის, მსხლის, ალუბლისა და ყურძნის მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების გამოყენება და ფიზიოლოგიური და პათოლოგიური დარღვევების განსაზღვრა, გაეცნონ კონტროლირებადი ატმოსფეროსა და მოდიფიცირებული ატმოსფეროს პრინციპებს.
სწავლების დროს გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი: ლექცია, სემინარი, პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობები, დაკვირვება და სხვა. პროგრამა განხორციელდება 8 თვის განმავლობაში, სწავლება განხორციელდება ყოველთვიურად თითო კვირის განმავლობაში, 8 საათის ოდენობით.
პროგრამა საჭიროებს წყვეტებს სამაცივრე მეურნეობებში შენახულ მოსავალზე დაკვირვებისა და ხარისხის შესაფასებლად, მათ შორის ნაყოფში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური დარღვევების შესაფასებლად. სწავლება განხორციელდება რეალურ სამუშაო გარემოში - შპს „ტირიფონის ხილი“-სთან თანამშრომლობით.
პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება გამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი) შეფასება პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს.
პროფესიული გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით.
სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.